logo
Loading data...
მთავარი შუა დერეფანი

სტატია

"თუ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, საზღვაო ინფრასტრუქტურა გამოწვევების წინაშე დადგება"

სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდა დღევანდელი პრობლემაა და უკვე არსებული ნავსადგურების განვითარების გადაუდებელი აუცილებლობა დგება - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ „ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან სულაბერიძე საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინასა თუ წითელი ზღვის რეგიონში წარმოქმნილი ლოგისტიკური კრიზისების ფონზე, შუა დერეფნის გამოყენების საჭიროება გაიზარდა, ხოლო, წლევანდელი წელი რეკორდული იყო კასპიის ზღვის გავლით საკონტეინერო ტვირთბრუნვაში.

ლევან სულაბერიძის განმარტებით, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, სპეციალისტების შეფასებით, დერეფნის საზღვაო ინფრასტრუქტურა გამოწვევების წინაშე დადგება.

„წლევანდელმა წელმა აბსოლუტური რეკორდები აჩვენა კასპიის ზღვის გავლით საკონტეინერო გადაზიდვებში. აპრილი იყო საუკეთესო თვე. აბსოლუტური რეკორდი დამყარდა და თუ ეს ყველაფერი ასე გაგრძელდა, კასპიის ზღვის ინფრასტრუქტურა ამ ყველაფრისთვის საკმარისი არ იქნება. ანუ, ჩვენ მივედით იმ სიტუაციამდე, როცა ტვირთი არის იმდენი, რომ ინფრასტრუქტურის მმართველები უკვე, ძალიან სერიოზულად დაფიქრდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ინფრასტრუქტურას სჭირდება განვითარება, მოდერნიზაცია, დღევანდელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.

საქართველოს როლი ამ დერეფანში უდიდესია, ვინაიდან, სწორედ აქ ხდება აზიიდან მომავალი ტვირთების გემებზე დამისამართება ევროპის მიმართულებით და პირიქით. შესაბამისად, ჩვენ ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ვართ დერეფნის კასპიის ზღვასთან ერთად.

კასპიის ზღვა თუ არ გააკეთებს იმ მოდერნიზაციას - რაც შესაბამისი ტვირთის გატარებას სჭირდება, ჩვენამდე ეს ტვირთი უბრალოდ ვერ მოვა. თუმცა, კასპიის ზღვის ქვეყნები - ყაზახეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ დიდ ძალისხმევას დებენ ამაში. ძალიან დიდი პროექტები ხორციელდება როგორც ყაზახეთის სანაპიროზე, ასევე, ბაქოს ნავსადგურის განვითარებაში.

ჩვენს ნაწილში, სარკინიგზო ინფრასტრუქტურას ამ ეტაპზე ნამდვილად არ აქვს პრობლემა. ისევ სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურის პრობლემის წინაშე ვდგავართ და ჯერჯერობით, მე ვერ ვხედავ პერსპექტივას, რა შეიძლება მოხდეს. ანაკლიის ნავსადგურის პერსპექტივას ყველა მივესალმებით, თუმცა, ეს არის შედარებით გრძელვადიანი პროექტი. სანავსადგურე ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობის ზრდა კი, დღევანდელი პრობლემაა და უკვე არსებული ნავსადგურების განვითარების გადაუდებელი აუცილებლობა დგება“ - ამბობს ლევან სულაბერიძე.

მისივე თქმით, თუკი, კონკრეტული გადაწყვეტილებები დროულად არ მიიღება,  არსებობს საფრთხე იმისა, რომ ტვირთები დაიკარგოს.

„უკვე რაღაც მაინც უნდა ხორციელდებოდეს, იმისათვის, რომ ერთ წელიწადში და უფრო მოკლე პერიოდში, ვიდრე ეს შეიძლება იყოს რომელიმე გრძელვადიანი პროექტი. ტვირთს აქვს თავისებურება, როგორც წყალს - წყალი ნახულობს გზას იქ, სადაც თავისუფლად შეუძლია იაროს. ტვირთის სპეციფიკაც ეგ არის. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენ დავაფრთხოთ ტვირთმფლობელი იმის, გამო, რომ ჩვენ ვერ ვემსახურებით გარკვეული მოცულობის ზემოთ ტვირთების ნაკადს. შესაბამისად, რაღაც გადაწყვეტილებები დროზეა მისაღები“ - ამბობს ლევან სულაბერიძე „ბიზნესპარტნიორთან“.

2024 წლის მეორე კვარტალში საქართველოს პორტების ტვირთბრუნვა 12%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში, საქართველოს ნავსადგურებსა და ტერმინალებში 4.235 მლნ ტონა 4 ტვირთი გადამუშავდა, რაც 11.9 პროცენტით მეტია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

გამოგვყევით